რუსეთის დედაქალაქში, ბიზნესცენტრ „მოსკოვი-სიტის" ცათამბჯენების რაიონზე, სადაც არაერთი სამინისტროს და კერძო კომპანიის ოფისები და ძვირადღირებული საცხოვრებელი აპარტამენტებია განთავსებული, დრონით შეტევა იყო.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის მიერ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ღამით, დრონ მშენებარე შენობას მოხვდა და რამდენიმე ფანჯარა ჩაამსხვრია. რუსული მხარე ისევ ამტკიცებს, რომ არავინ დაშავებულა.
- შენობასთან უპილოტო საფრენი აპარატის შეჯახების ამსახველი ვიდეოკადრები ტელეგრამ-არხმა, Mash-მა გაავრცელა.
ტრადიციული შინაარსის განცხადება გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
„23 აგვისტოს, ღამით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღკვეთეს კიევის რეჟიმის მორიგი მცდელობა, სამი უპილოტო საფრენი აპარატით მოსკოვზე ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა. ორი უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, მესამე, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და კონტროლის დაკარგვის შემდეგ „მოსკოვი-სიტის" კომპლექსის მშენებარე შენობას შეეჯახა," - აცხადებენ უწყებაში.
- რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.